საქართველოში გვიგებენ მახეს,-
ყველას არ გვძინავს, ყველა ვერ მოგვკლეს,
და რა იქნება, ეშმაკის სახე
ამ მახეშივე ცხადად გამოჩნდეს?
ლოგოსის ცაში ვერ ფრენს დემონი,
ფრთა ეკვეცება უღირსს და მტყუვარს,
ქვეწარმავლობას ვირჩევთ, თუ ომით
უნდა ვუთვლიდეთ სატანას უარს?
ღვაწლია ჭირის ყოველ დღე ძლევა,
შრომა კეთილი ბრძენ სიყვარულით,
ის განსაცდელიც, ჩვენ რომ გვეძლევა,
ღვთისკენ ცურვაა სულის მხარულით.
დინებას მკვდარი თევზი თუ ჰყვება,
არწივის მზერა ელტვის კამკამებს,
მგლისმუხლას თვალში ლაჟვარდი ნება
სიმართლის ალით კვესავს წამწამებს.
არა, ის არ ჰგავს ფლიდი ნელ-თბილის
ლაჩარი გულის წვას და ქიმერებს,
მას სიზმარეთშიც და-ძმობს მზეტკბილი
და ცრუ საწუთროს აღარ იფერებს.
ჭრელი მაცდურის უძღები ხახა
წატანებია გამთვარულ ფუგებს…
ოდითგან ავი რომ განიზრახა,
ადამის შვილებს ხაფანგებს უგებს.
მეწამულ წამებს თესავს მოწამედ,
ვინც ახმიანებს კოსმიურ ორძალს,
ჩაკრული სხივით ქაჯების ღამეს
მრავალჟამიერს დაასობს ბოძალს.

ყოჩაღ კოკა ამ ძარღვიანი და გულწრფელი ლექსისთვის! უკანასკნელ ხელჩაქნეულსაც რომ საომრად განაწყობს, ისეთია
ალბათ, გაგებული გექნება პრუსტის მიდგომა ხელოვნებისადმი, რაც სხვა არაფერია ამ შემთხვევაში, თუ არა სულიერი, ცნობიერი ცხოვრება: ყოველი ადამიანი არის ის ადგილი, სადაც ხდება ხელოვნება, სიცოცხლე, მზიურობა
და მაშინ ლექსი უკვე ოდენ შაირი არაა. მაშინ იგი მეტი ხდება, თვითონ სიცოცხლე და მისი გამოვლინების ფორმა. კარგია სიწრფელე რომ აღნიშნე, რადგან ყველა ლექსი, რომელიც მხოლოდ ქაღალდის ფურცელზე იწერება, ლექსი კი არა, ფსევდოშაირია. ნაღდი ლექსები გულის ფურცელზე იწერებიან, რაც სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის წიგნში ჩაწერის ბიბლიური ალუზია