გულის მარგალიტები ნაცხოვრები სულის ნაჟურია და არა გადამღერებული, თუ კეკლუცი აფორიზმები.
* * *
მწიფე, ბრძენი და საკუთარი თავის წინაშე მართალია სიყვარულში ის, ვინც სიმშვიდით ამტკიცებს საყვარელი ადამიანისადმი გრძნობებსა და მონატრება-დანაკლისს.
* * *
ვნება სიყვარულში არ ეშლება მას, ვინც არ ძალადობს საყვარელი ადამიანის პიროვნებაზე.
* * *
ძლიერია და უყვარს მას, ვისი ჭკუაც იზრდება სიყვარულში.
* * *
უყვარს მას, ვისი სულგრძელებაც იზრდება სიყვარულში.
* * *
უყვარს მას, ვის ვნებასაც სიყვარული სძლევს და მიაღწევს სულიერების სიმაღლეს.
* * *
უყვარს მას, ვინც სიყვარულში კი არ ჰკარგავს, არამედ პოულობს საკუთარ თავს.
* * *
უყვარს მას, ვისი ”მე”-ც ”შენ”-ითაა განათებული.
* * *
სიყვარული მასშია უხვი, ვისშიც ”მე” ნაკლებია, ვიდრე ”შენ”.
* * *
უყვარს მას, ვისი ”მე”-ც ”შენ”-ზეა დამყნობილი და მას ეფუძნება.
* * *
უყვარს და სიყვარულში ცხოვრობს ის, ვინც ”მე”-ს კი არაა მიჯაჭვული, არამედ საყვარელ ადამიანთან და სიყვარულის წყარო-ღმერთთანაა ახლოს.
* * *
სიყვარულში მართალია და უყვარს მას, ვისაც სიგიჟე ვერ ერევა სიყვარულში.
* * *
სიყვარულში ბრძენია ის, ვინც სიყვარულის მრავალფეროვნებას ცხოვრობს და ბერწი დამოკიდებულება არ გააჩნია მისადმი.
* * *
სიყვარულში ისაა ძლიერი, ვინც მისი მეშვეობით ტკივილზე ერთი თავით მაღლა დგება.
* * *
უყვარს და იცის სიყვარული მან, ვინაც ჯერ სულში გაიდგა სიყვარულის ფესვები და შემდეგ გულში აჰყვავებია მისი ყვავილი.
* * *
უყვარს მას, ვისი სიბრძნეც იზრდება სიყვარულში-სიბრძნე და წარმოდგენა სიბრძნეზე განსხვავდება ერთმანეთისაგან.
* * *
ვინც საკუთარ თავში გაბატონებულ შეპყრობილობას თავისუფლებით ამარცხებს, მას ვნება და სიყვარული არ ერევა ერთმანეთში, თავს არ იტყუებს, სხვასაც არ ატყუებს და უყვარს.
* * *
უყვარს მას, ვინც ”მე შენით შეპყრობილი ვარ”-ის უფსკრულის მონობას დააღწია თავი და ”შენი სიყვარულით მიღწეული თავისუფლების” სიმაღლეზე დგას.
* * *
უყვარს მას, ვინც ძალადობისა და აგრესიის მაგივრად სულგრძელებას ზრდის საკუთარ თავში. და ვინც ასეთს ირჩევს, იგი სიყვარულსა და ბედნიერებას ირჩევს ცხოვრების თანამდევად.
* * *
უყვარს და იგია სიყვარულში ძლიერი, ვისი სიყვარულის ძალაც ქედს არ უხრის სიგიჟის ქაოსს, არამედ მაღლდება მშვიდობით ძლიერ და ნათელ ჰარმონიამდე.
* * *
ვნება კი არა, სიყვარული ამოძრავებს მას, ვინც ჯანსაღია საყვარელი ადამიანით და არა-ავადმყოფი.
* * *
უყვარს მას, ვინც კარგად იცის, რომ სიყვარულის ჰარმონია ზოგჯერ შეიძლება წყვეტილიც იყოს. თუმცა, ისიც კარგად უწყის, რომ ეს ჰარმონია მუდამ იმარჯვებს დამანგრეველ ქაოსზე.
* * *
ძლიერი ისაა სიყვარულში, ვისაც შეიძლება ეძალებოდნენ, მაგრამ ვერ თრგუნავდნენ ზვირთებად მოვარდნილი გრძნობები.
* * *
სიყვარულში ისაა ბუმბერაზი, ვისაც სტკივა, ზოგჯერ იძირება კიდეც, მაგრამ მაინც მამაცურად მიაპობს გრძნობათა ზვირთებს სიყვარულის ოკეანეში.
* * *
როცა გიყვარს, სიყვარული ნაწყენობის ტკივილებსაც ტკბილ მალამოდ ედება და კურნავს.
……………..
………………………
…………………………..
…………………………………
კომენტარის დატოვება