Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვარდობისთვე’


ვარდობისთვის 8, 2007
ფლორენცია, აიაია

მატარებელში ვზივარ.

ფლორენციისკენ მივდივარ.

არ მიძინია.

მონტევარკიში, რკინიგზის სადგურთან წარწერა: BUSH BLAIR BERLUSCA – Tribù di Belzebù.

ღმერთის ადამიანისადმი სიყვარული გასაოცარია.

დილა.

ავტობუსი მოიზლაზნებოდა ქალაქისკენ. მატარებლის ბაქანიდან გასვლამდე ათი წუთი მრჩებოდა ბილეთის საყიდლად. სადგურში კი მგზავრთა გრძელი რიგი იდგა. ბოლო წუთში ბილეთი ხელში ჩავიგდე და გავქანდი. დასაბეჭდ აპარატში გავატარე, მანქანამ ხმა გამოსცა, მივუსწარი მატარებელს, ავედი, დავხედე ბილეთს და ვხედავ, არაა დაქვითული. ჩამოსვლა უკვე გვიანია. მატარებელი დაიძრა. წინდაწინ არავინ იცის, მაგრამ იმედია, გამცილებელი ნორმალური შემხვდება, თორემ ჯარიმა არ ამცდება. თან დილაა. რაღა დილიდანვე გაბრაზებული იქნება?!

ავუხსნი, რა როგორც იყო. დასამალი არაფერია. ბილეთი ხელში მიჭირავს. არ მინდა, რამე უმართებულო ფიქრის საფუძველი მივცე, თორემ უკვე ეჩვევიან. ევროპაში ემიგრანტების რაოდენობა იზრდება. ძირითადად, მატერიალურად უარეს მდგომარეობაში მყოფების ხარჯზე და ამიტომ, არცთუ იშვიათად ათას ხრიკს მიმართავენ ფულის გდახდის თავიდან ასაცილებლად. ძლიერ მეძინება. საათის გზა მაქვს წინ და ცოტა მაინც მინდა თვალი წავატყუო, მაგრამ ბილეთი ხელში მაქვს მომზადებული. მოდის გამცილებელი. ახალგაზრდა ჭაბუკია. მოკლედ ვუხსნი. თვითონ აწერს ხელს ბილეთს, ქვითავს და მიბრუნებს. ალალი ღიმილით ვუხდი მადლობას. აგრძელებს თავის გზას.

ქართველი ბანალურ სიტუაციაშიც ქართველია.

საოცარია აპნის-ვარდობისთვის ტოსკანა: მწვანებრინჯაოთი დახუნძლული გორაკები და მათზე შეფენილი კოხტა ველები. ასე უფრო გესმის, თუ რატომაა იტალიური დიზაინი და მოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მთლიანობაში მამაკაცის იტალიურ სამოსს დღეს ბადალი არ მოეპოვება.

წერა ახლა მკვდრეთიდან აღდგომაა. არ ვიძინებ. დაბრუნებულზეც მოვასწრებ.

რდობისთვის 16. 2007 წელი
რონდინე აიაია

ცხოვრება მაინც ყოველთვის საინტერესო და მშვენიერია.

კარგად ვიწყებთ: ბიუროკრატიული საკითხები სასწავლებელში. ვაგვარებ და მოვდივარ ფლორენციისკენ. მაგისტრატურის გაგრძელებასთან დაკავშირებით ლექტორს უნდა შევხვდე. მატარებელში ათასი ფიქრი. ჩამოვდივარ, ავტობუსისთვის ბილეთი უნდა შევიძინო, გავხსენი ჩანთა-საფულე კი არსად ჩანს. დავიძიე ყველგან, მატარებელშიც-არსად არაფერი. საღამომდე ჩემებს უნდა დაველოდო, რომ უკანდაბრუნებულზე თან წამიყვანონ. ვრეკავ, ტელეფონები გამორთული აქვთ. ღმერთმა მშვიდობა ქნას და მოგვიანებით კიდევ ვცდი. მანამდე კი ირგვლივ ხალხი ირევა.

ახლაც ადამიანური ფიქრები მოძრაობენ თავში. თვითონ ადამიანის სილამაზე და მშვენიერება, ქალის ქალურობა; სადღაც აგვიანდება ახალგაზრდა წყვილს-მომწონს სირბილისას ქალის ლავიწების მოალერსე წყობილი დალალები…

…ბოროტება საზარელია, რადგანაც არ არსებობს. სიყვარული კი არსებობს და რადგანაც თვითონ ღმერთია სიყვარული, ამიტომ უნდა ვიყოთ კარგად, მზესავით; რადგანაც გვყავს კეთილისმსურველები, რადგანაც გვიყვარს-ჩვენი კარგად ყოფნა მოყვასის ბედნიერებას გაზრდის, ხოლო მტერს უფრო აქცევს მოყვარედ.

ადამიანი ადამიანებს შორის იზრდება, ან ნადგურდება; ხარობს, ან იხრწნება; მდიდრდება, ან იცლება. საზოგადოება ისეთივე ბრძმედია ადამიანის ხასიათის გამოსაჭედად, როგორც საკუთარი შინაგანი სამყაროს წინაშე პირისპირ დარჩენა..

…მატარებელი ჩამოდგა. ბაქანი ხალხით გაივსო. ბავშვივით ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი თავის გოგონას ელოდება. ჩამოდის ასევე პატარა გოგონასავით ჩაცმული ქალი. გაბრაზებულია. ვიღაცას გაურკვევლად გასცქერის და მზერით ემუქრება. ტიპიური იტალიური ცხელი ხასიათი. ტოსკანელები ფიცხებიც არიან.

ცოტა ხანში კი ასაკში შესული წყვილი გადის. ისინიც 14 წლის ყმაწვილებივით ჩაცმულები. მათ ჰაბიტუსში ასაკი არეულია, პიროვნება დროშია დაშლილი, სუსტია. ქრება ერთ ძლიერ მონოლითად შეკრული ინდივიდუალურობა და მის ადგილს მონოტონური, უსახური მასა იკავებს. არადა, ჯანსაღი საზოგადოება თავის-უფალი ადამიანებისაგან შემდგარი ერთობაა.

…ხნიერ წყვილში მამაკაცი მეუღლეზე გაცილებით მაღალია. ზურგჩანთაში იქექება. იპოვა, რაც უნდოდა, მოწესრიგდა სვლის რიტმშიც. იგრძნეს ერთმანეთი, ხელები ხელებს შეხვდნენ, მოძრაობაშიც შეეხამნენ.

ბაქანის თავში კაცი მტრედებს აპურებს. უბრალოდ, სუფთად, კოხტად აცვია. ირგვლივ ღუღუნი შემოსჯარვია.

კომპოზიცია: მარჯვენა თვალის მარჯვენა კიდეში ჩემს გრძელ სკამზე ჩამომსხდარი სამი გოგონა. საუბარი ყოფით ბანალობებზე; მარცხენა თვალის ზედა კიდეში კი მტრედების დაპურება და კეთილი გული.

Advertisements

Read Full Post »